Monday, April 18, 2011

რეგისტრაციის პროცედურა საჯარო ბიბლიოთეკაში

რეგისტრაციის პროცედურა საჯარო ბიბლიოთეკაში საკმაოდ მარტივი და ხანმოკლეა,ამისათვის საჭიროა თან იქონიოთ მხოლოდ და მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.რეგისტრაცია გავიარეთ ბიბლიოთეკის გვერდით მდებარე შენობაში,სადაც იყო საკმაოდ თბილი და სასიამოვნო გარემო.დაგვხვდა ორი ქალბატონი, ერთ-ერთმა გადაგვიღო ფოტოსურათი, ხოლო მეორემ გვთხოვა პატარა ბლანკის შევსება სადაც ჩავწერეთ ჩვენი საკონტაქტო ტელფონის ნომრები,მისამართი,სასწავლებლის და ფაკულტეტის დასახელება, ეს ყოველივე კი ხელმოწერით დავადასტურეთ.დაახლოებით 10 წუთში დავასრულეთ პროცედურა ყოველგვარი ზედმეტი ხარჯების გარეშე.რეგისტრატორმა გვთხოვა რომ ბილეთის წასაღებად მომდევნო დღეს მივსულიყავით თან კი წამოვიგე პატარა ბუკლეტი (გზამკვლევი), რომელიც ინფორმაციას გვაწვდის ზოგადად ბიბლიოთეკის,მკითხველის მოვალეობებისა და აკრძალვების შესახებ.

Thursday, April 14, 2011

მობილური ტელეფონი მე_20 საუკუნიდან დღემდე


მე-20 საუკუნეში მობილური ტელეფონი დიდი ფუფუნება იყო და პატრონის გავლენიანობაზე მეტყველებდა. მისი მხოლოდ და მხოლოდ მანქანაში ჩამონტაჟება შეიძლებოდა, რადგან ძალიან დიდი ბატარეა ჰქონდა. თავად ტელეფონი ფეხსაცმლის ყუთზე გაცილებით დიდი ზომის იყო და ათასობით დოლარი ღირდა.

ჩვენს დროში კი მობილურის ქონა ისეთივე უბრალო ამბავია, როგორიც ჩვეულებრივი ტელეფონის. საინტერესოა, ვინ გამოიგონა პირველად მობილური. ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ბევრმა არც კი იცის.

პირველი ტელეფონი 1876 წელს ალექსანდრ ბელმა აშშ–ში დააპატენტა. მას “მოლაპარაკე ტელეგრაფს” ეძახდნენ. პირველი საერთაშორისო საუბარი ნიუ იორკსა და ლონდონს შორის ტრანსოკეანური სატელეფონო კაბელის მეშვეობით 1927 წელს შედგა. მობილური ტელეფონის გამოგონებამ ჩვეულებრივი აპარატი ყველას დაავიწყა. მობილური უფრო პრაქტიკული აღმოჩნდა და საოცრად პოპულარულიც გახდა.

1954 წელს კომპანია “მოტოროლაში” მუშაობა დაიწყო ინჟინერმა მარტინ კუპერმა. მას დიდი სურვილი ჰქონდა, შეექმნა ისეთი აპარატი, რომლის ყველგან წაღებას შეძლებდა. 1976 წელს მან ჩიკაგოს პოლიციისათვის პირველი რაცია შექმნა. 1983 წლის 6 მარტს გაყიდვაში პირველი პორტატული ფიჭური ტელეფონი კომპანია “მოტოროლამ” გამოუშვა. მის დამზადებაზე 100 მილიონი დოლარი დაიხარჯა. პირველი ფიჭური ტელეფონი 794 გ–ს იწონიდა და 3.995 დოლარი ღირდა.

ფიჭური ტელეფონების შექმნის იდეა პირველად 1946 წელს გაჩნდა. სატელეფონო კომპანიამ ტელეფონისა და რადიომიმღების “შეჯვარებით” პირველი გადასაადგილებელი ტელეფონი დაამზადა. მას ძირითადად მძღოლები იყენებდნენ. 12 კგ–იანი აპარატი საბარგულში მონტაჟდებოდა, სპეციალური კაბელით მას ყურმილი უერთდებოდა, რომელიც ავტომობილის სალონში იყო მოთავსებული, ხოლო ანტენა საბარგულზე გახლდათ დამონტაჟებული.

1978 წელს ნიუ იორკის 545 მძღოლს უკვე ჰქონდა ასეთი აპარატი. შემდეგ მობილური ტელეფონი სატარებლად უფრო მოსახერხებელი გახდა და 1990 წელს 11 მლნ ადამიანს ჰქონდა ფიჭური ტელეფონი (2007 წლის მონაცემებით, მობილურის მფლობელთა რიცხვი 2,15 მილიარდამდე აღწევდა).

ბუნებრივია, ახალ პროდუქტს გასაღებაც სჭირდებოდა. 1984 წლისთვის მობილური ტელეფონები შვედეთის, ნორვეგიის, დანიის და საუდის არაბეთის გარდა არც ერთმა ქვეყანამ არ მიიღო, რადგან იგი უსარგებლო სათამაშო ნივთი ეგონათ. 1985 წლისთვის კი ამ სათამაშომ ისე გაითქვა სახელი და იმდენად პრაქტიკული აღმოჩნდა, რომ მის შესაძენად ხალხი რიგში ჩადგა.

მობილური ტელეფონი თანდათან იხვეწებოდა. პირველი ფერადეკრანიანი ტელეფონი 1997 წელს გამოვიდა, ხოლო პირველი ორბარათიანი მობილური – 1999 წელს. 2000 წელს იაპონელებმა აწარმოეს ქზ”–ითა და ფოტოაპარატით აღჭურვილი მობილური “შარფი”. 2002 წელს კომპანია “ერიქსონმა” შექმნა პირველი ბლუთუზიანი ტელეფონი. იმავე წელს “სამსუნგის” ფირმამ პირველმა გამოუშვა ყოველმხრივ დახვეწილი აპარატი, რომელსაც ყველანაირი ფუნქცია ჰქონდა.

დღეისათვის მობილურების რიცხვი უსაზღვროდ დიდია. მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს დღეს მობილური აქვს. ბევრი აპარატი ისეთი მინიატურულია, ხელისგულზეც კი ეტევა, ზოგიერთს უფასოდაც კი სთავაზობენ მომხმარებელს.

მობილური არამარტო ტექნიკის სასწაულია, არამედ შემოსავლის უზარმაზარი წყაროცაა. მაგალითად, ავსტრალიაში 20 მილიონი მოსახლეობიდან 15 მილიონს მობილური აქვს.

ეს მოწყობილობა არამარტო დაუკითხავად შეიჭრა ადამიანების ცხოვრებაში, არამედ საზოგადოებას სერიოზულ საშიშროებასაც უქმნის. კანადაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ საჭის მართვის დროს მობილურის გამოყენება საშიშია, ისევე როგორც ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა. დღემდე გრძელდება დისკუსია იმის თაობაზე, იწვევს თუ არა კიბოს მობილურის გამოსხივება. ვინაიდან მობილური დღეს ათასობით ადამიანს აქვს, მათგან ძალიან მცირე რაოდენობას მაინც რომ შექმნოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, უამრავი მეცნიერი დაიწყებდა გამოკვლევის ჩატარებას, თუ რა გავლენას ახდენს ცოცხალ ორგანიზმზე მობილური ტელეფონის რადიაცია. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ მობილურის გამოყენების შიში. დღემდე მილიონობით დოლარი იხარჯება ამ საკითხის კიდევ უფრო ღრმად შესწავლაზე. ერთადერთი, მკვლევრები 16 წლამდე მოზარდებს ურჩევენ, არ გამოიყენონ მობილური, რადგან მათი ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

დღეს მობილური ტელეფონით ვერავის გააკვირვებ. ცოტა ხნის წინ კანში გამართულ მილიონერების აუქციონზე შვედურმა კომპანიამ ყველაზე ძვირადღირებული მობილური ტელეფონი გაიტანა. ოქროს ხელნაკეთი აპარატი ბრილიანტებითაა გაფორმებული. იგი ერთ–ერთმა ბიზნესმენმა 1,2 მლნ დოლარად შეიძინა.

კომპანია “სამსუნგმა” მსოფლიოში პირველი მობილური ტელეფონი გამოუშვა, რომელიც მზის ენერგიით იტენება. როგორც კომპანია იუწყება, მისი მზეზე 5 წუთით დატენვის შემთხვევაში შესაძლებელია 10 წუთი საუბარი. ამ აპარატს ყველა ჩვეულებრივ ფუნქციასთან ერთად აქვს ფანარიც, რომელიც დიდხანს ვერ მუშაობს, რადგან დიდ ენერგიას ითხოვს. აზიურ ბაზარზე ეს ტელეფონი 894 დოლარი ღირს. ჯერჯერობით უცნობია სხვა ქვეყნების საბაზრო ფასები.

დაბოლოს, სტატისტიკის მიხედვით, კორეელი თინეიჯერი წელიწადში 20 ათას სმს–ს გზავნის (დღეში დაახლოებით 60–ს); მრავალ ქვეყანაში ოპერატორები აბონენტებს მობილურებით აცნობებენ მოსალოდნელი საფრთხის (შტორმი, მიწისძვრა) შესახებ; იაპონელებმა მობილური ტელეფონით რომანების წერა დაიწყეს – 2007 წელს 10 გაყიდული რომანიდან 5 მობილურზე იყო აკრეფილი; ესტონეთში კი არჩევნებზე ხმის მიცემა უკვე ტელეფონის მეშვეობითაც შეიძლება.

მსოფლიოში პირველი ტელეფონის გამოჩენა...






მსოფლიოში პირველი ტელეფონის დემონსტრირება მოახდინა გერმანელმა ფილიპ რეისმა (1834-1874) 1861 წლის 26 ოქტომბერს მაინის ფრანკფურტში. ტელეფონისაღმოჩენას წინ უსწრებდა ტელეგრაფის აღმოჩენა.
1863 წელს რეისის ტელეფონის დემონსტრირება მოახდაინა დოქტორმა ოტტო ფელგერმა ფრანკფურტში ვიზიტით მყოფ ავსტრიის კაიზერის და ბავარიის მეფის წინაშე.
1865 წელს რეისის ტელეფონები გაიგზავნა ლონდონში, დუბლინში და კავკასიის მთავარ ქალაქში თბილისში.
თბილისში რეისის ტელეფონის აპარატი მოხვდა პეტერბურგიდან, სადაც ის დემონსტრირების მიზნით ჩაიტანა ტელეგრაფის აპარატის გამომგონებელმა დ. იუზამ. ამრიგად, თბილისში პირველი ტელეფონის აპარატი აღმოჩნდა პრაქტიკულად მისი გამოგონებისთანავე.
1865 წელს მანჩესტერში პროფესორმა “კლეფტინმა ”ლიტერატურულ და ფილოსოფიურ საზოგადოებაში” მოახდინა რეისის ტელეფონის დემონსტრირება.
სამწუხაროდ მაინის ფრანფურტში მაშინ სათანადოდ ვერ შეაფასეს ფილიპ რეისის ტელეფონის მნიშვნელობა, რაც გამომგონებელმა მწარედ განიცადა. თუმცა რეისმა არ იცოდა, რომ მისი გამოგონება გაურკვეველი გზით მოხვდებოდა შოტლანდიაში, ქ.ედინბურგის უნივერსიტეტში, რაც ტელეფონს საბოლოოდ სახელს და დიდებას შესძენდა. ამ დროს მას სხვა საზრუნავი ჰქონდა - მძიმე ავადმყოფობამ ხმა დაუკარგა, ხმა, რომლის მანძილზე გადაცემასაც იგი ცდილობდა.
1885 წელს ფილიპ რეისს ფრანკფურტში ძეგლი დაუდგეს. ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ფრანკფურტში ასეთი დეპეშა გამოაგზავნა: ”პატივი, რომელიც არ მიაგო მსოფლიომ ფილიპ რეისს სიცოცხლეში, ახლა მაინც ვერ აუვლის გვერდს, როცა იგი ჩვენს შორის აღარ არის, მისი უდიდესი გონება ხომ კვლავ ცოცხალია და წინ მიჰყავს სამყარო”.
1886 წელს გაზეთი ”კავკაზი” რეისის გამოგონების შესახებ წერდა:
”დღეს დეპეშების გადაცემა ისევე ჩვეულებრივი გახდა, როგორც წერილი ან რკინიგზებზე მიმოსვლა. მაგრამ შესაძლებელი იქნება თუ არა, როდესმე ჩვენთვის ერთმანეთთან ლაპარაკი ზღვებისა და ხმელეთის გავლით ისე, რომ ჩვენმა ყურმა მოისმინოს? პირველი ნაბიჯი ამ მხრივ გადადგა ბატონმა რეისმა. მან მოაწყო განსაკუთრებული აპარატი, რომელსაც ტელეფონი უწოდა და მისი დახმარებით ის აპირებს შორეულ მანძილებზე ბგერების გადაცემას, ისევე როგორც ახლა იგზავნება ტელეგრაფის ნიშნები. ტელეფონი დამყარებულია ტელეგრაფის პრინციპებზე”.
”კავკაზმა” არ იცოდა, რომ გამომგონებელი ფილიპ რეისი ამ დროს ცოცხალი აღარ იყო.
1877 წლის 5 ნოემბერს პირველმა სატელეფონო ხაზმა ევროპაში ერთმანეთთან დააკავშირა ბერლინის ფოსტამტი და ცენტრალური ტელეგრაფი. ხაზის სიგრძე 2 კილომეტრი იყო.
ამავე პერიოდში ვერნერ ფონ სიმენსმა თავის ქარხანაში დაიწყო მარტივი ტელეფონების დამზადება, რაზედაც დიდი მოთხოვნილება გაჩნდა და დღეში ქარხანა 700 ტელეფონს ამზადებდა.